Tuesday, August 17, 2010

შეშლილი, შეშლილი სამყარო. UNICEF-ის მონაცემები.

ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ გაერთიანებული ერების საბავშვო ფონდის(UNICEF) მონაცემები.
UNICEF მსოფლიოს მასშტაბით ატარებს კვლევებს, იცავს ბავშვთა უფლებებს, ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და ცდილობს სიღარიბის შეჩერებას განვითარებად ქვეყნებში.
მაშ ასე, დავიწყოთ.


  • პლანეტის მოსახლეობის ნახევარი, დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დღეში 2.5$-ზე ნაკლები შემოსავლით.
  • პლანეტის მოსახლეობის 80% ცხოვრობს დღეში 10$-ზე ნაკლები შემოსავლით.
  • პლანეტის 80%-ზე მეტი მოსახლეობის ცხოვრობს ქვეყნებში სადაც სოციალურ ფენებს შორის შემოსავალი მკვეთრად განსხვავდება. (როგორც ჩვენთან, ზოგი ზამთარში ელექტრო ენერგიას და ბუნებრივ აირს ზოგავს, რომ გადასახადი ხარჯები შეამცირონ და ზოგი დღეგამოშვებით ცვლიან 10000 ლარიან ნომრებს 300000$-იან მანქანებზე)
  • 24000 ბავშვი იღუპება ყოველდღიურად სიღარიბის გამო.
  • წელიწადში 10 მილიონი ბავშვი იღუპება ისეთი სიკვდლით, რომლის პრევენცია მინიმალურ ხარჯებთან დაკავშირებული პროფილაქტიკური საშუალებებით არის შესაძლებელი.
  • მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებიდან, დაახლოებით 72 მილიონმა ბავშვმა ვერ მიიღო საშუალო განათლება სიღარიბის გამო.
  • 21-ე საუკუნეს, 1 მილიარდზე მეტი წერაკითხვის უცოდინარი ადამიანი შეხვდა. 
  • მსოფლიო მილიტარისტული ხარჯების 1%-ზე ნაკლები იყო საჭირო, რომ 2000 წელს მსოფლიოს ყველა ბავშვის საშუალო განათლება დაფინანსებულიყო, თუმცა ეს არ გაკეთებულა.
  • პლანეტის მოსახლეობის ნახევარი განიცდის სასმელი წყლის დეფიციტს. 1.1 მილიარდ ადამიანს არ აქვთ წვდომა სასმელი წყლის დღიურ ნორმაზე.
  • 3-იდან 2 ადამიანი, ვისაც წყლის პრობლემა ეხება ცხოვრობს დღეში 2$-ზე ნაკლები შემოსავლით, ხოლო 3-იდან ერთი, 1$ ირჩენს დღეში თავს.
  • დაახლოებით 1.8 მილიარდ ადამიანს აქვს წვდომა სასმელ წყალზე 1 კილომეტრის რადიუსში. საშუალოდ ყოველდღიურად მოიხმარენ 20 ლიტრ წყალს.
    დიდ ბრიტანეთში, 1 სული მოსახლე, მინიმუმ 50 ლიტრ წყალს მოიხმარს მხოლოდ საპირფარეშოს ჩარეცხვით.
  • ყოველი მეორე ბავშვი სიღატაკეში ცხოვრობს.
  • 121 მილიონი ბავშვი დარჩენილია განათლების გარეშე.
  • 2003 წელს, 5 წლამდე ასაკის, 10.6 მილიონი ბავშვი დაიღუპა.
  • მხოლოდ წყლის დეფიციტის გამო, ყოველწლიურად 1.4 მილიონი ბავშვი იღუპება.
  • ყოველწლიურად 2.2 მილიონი ბავშვი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ აცრის გაკეთების საშუალება არ აქვთ.
  • 1.6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ელექტროენერგიის გარეშე.
  • 41 განვითარებადი ქვეყნის(567 მილიონიანი მოსახლეობით) შიდა ეროვნული პროდუქტი ნაკლებია ვიდრე 7 უმდიდრესი ადამიანის ქონება.
  • მთელი მსოფლიოს შიდა ეროვნული პროდუქტის 7% პროცენტი, მსოფლიოს მილიარდერებს უჭირავთ, 497 ადამიანს, ხოლო დაბალ განვითარებული ქვეყნების წილი, 2.4 მილიარდი მოსახლეობით, 3.3%-ია.
  • 2004 წელს მსოფლიო მოსახლეობის 0.13%-ს ეკავა მსოფლიოს აქტივების 25%.
  • განვითარებადი ქვეყნისთვის, ყოველ გამოყოფილ 1$-ის დახმარებაზე, ვალის სახით ქვეყანას 25$-ის დაბრუნება უწევს.
  • რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო დიდია შანსი, რომ ვალის ამოღება მოხდება პირდაპირ მოსახლეობიდან, რომლებსაც არც ხელი მოუწერიათ კონტრაქტზე და არც ფინანსური დახმარება მიუღიათ. (ხომ არ გეცნობათ სიტუაცია?)
  • 790 მილიონი ადამიანი ქრონიკულად განიცდის შიმშილის გრძნობას, საკვების დეფიციტის გამო.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში გთავაზობთ ხარჯვით პრიორიტეტებს 1998 წლის მონაცემებით.



კოსმეტიკა შეერთებულ შტატებში: 8$ მილიარდი
ნაყინი ევროპაში: 11$ მილიარდი
სუნამო ევროპასა და ამერიკაში: 12$ მილიარდი
შინაური ცხოველების საკვები ევროპასა და ამერიკაში: 17$ მილიარდი
გასართობი საშუალებები იაპონიაში: 35$ მილიარდი
სიგარეტი ევროპაში: 50$ მილიარდი
ალკოჰოლური სასმელები ევროპაში: 105$ მილიარდი
ნარკოტიკული საშუალებები მსოფლიოში: 400$ მილიარდი
მსოფლიო სამხედრო ხარჯები: 780$ მილიარდი
და ამას დავამატოთ ის ფაქტიც, რომ საშუალოდ ფეხბურთის მწვრთნელს, 1$ მილიონი აქვს წლიური შემოსავალი.

ეხლა კი შევადაროთ ის დამატებითი ხარჯები, რაც ვერ გამოიყო, რომ მსოფლიოს
მასშტაბით ელემენტარული სოციალური პირობები შექმნილიყო.

განათლება ყველა მოზარდისთვის: 6$ მილიარდი
წყალი და სანიტარია პლანეტის ყველა მოსახლისთვის: 9$ მილიარდი
ელემენტარული ჯანმრთელობა და საკვები ყველასთვის: 13$ მილიარდი

ეს ყველაფერი მარტო მე მეჩვენება უცნაურად?


Monday, August 16, 2010

რას ვთესთ და რას მოვიმკით

"საინტერესოა რამდენმა თქვენგანმა იცის, რომ თქვენი ყოველდღიური, თითქოს უწყინარი ქმედებით, საკუთარ საფლავს ითხრით თქვენივე ხელებით?"
გაქვთ ნანახი ფილმი, დღე ხვალის შემდეგ (The day after tomorrow)? დარწმუნებული ვარ არ მოგეწონებოდათ ფილმის სიუჟეტი თქვენს თავზე რომ გამოგეცადათ. გლობალურად ქალაქების დატბორვა, გამყინვარება, მილიონობით სიცოცხლის განადურება, ცივილიზაციის ასწლეულებით უკან დაბრუნება და ბევრი სხვა. თქვენ გგონიათ ეს მხოლოდ ფილმია და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს? მაშინ მართალი ხართ, რადგან ფილმის სიუჟეტი არც ისე დრამატულია, რომ რეალობას გავდეს.
ცივილიზაცია, ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია (ეუF) არ მოდის უფასოდ. საფასურის გადახდა შესაძლოა სიცოცხლით მოგვიწიოს.
მიუხედავად იმისა რომ მეცნიერულ საზოგადოებაში უკვე აქტიურად მიდის ლაპარაკი ისეთ საფრთხეებზე როგორიცაა გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება, მსოფლიო მოსახლეობის გადაჭარბებული რაოდენობა, რესურსების დეფიციტი და ბირთვული ომი, ჩემს გაკვირვებას მაინც იწვევს ადამიანებში ამ საკითხების სრული იგნორირება ან არცოდნა.
მაგალითად, ჩემი და, რომელიც სითბოს და მზის არნახული მოყვარულია, ერთი სული ქონდა სანამ გლობალური დათბობა პიკს მიაღწევდა, ფიქრობდა რომ ამ პროცესის შედეგი დიდი დიდი, ზამთარში შედარებით თბილი დღეები ყოფილიყო :) როგორც მოსალოდნელი იყო იმედები გაუცრუვდა საქმეში ჩახედვის შემდეგ.
მაშ ასე, დავიწყოთ გლობალური დათბობით. რა იწვევს მას? პასუხი ალბათ გეცოდინებათ: გამონაბოლქვი. შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან მანქანის გამონაბოლქვის ტემპერატურა აღემატება ჰაერისას, ამიტომ ხდება გლობალურად დათბობა, მაგრამ ყველაფერი ეგრე მარტივი არაა. რეალურად პრობლემა დათბობაში იმდენად არაა, რამდენადაც პლანეტის გაგრილებაში.
დედამიწის ატმოსფერო შედგება სხვადასხვა ნივთიერებისგან, მათ შორის ზოგი არის გაზები რასაც ეძახიან Greenhouse Gases. ეს ის გაზებია რაც ინარჩუნებენ და ატყვევებენ სითბოს. რომ არა Greenhouse Gases-ები ჩვენს ატმოსფეროში, ღამით ტემპერატურა -100 გრადუსს გადააჭარბებდა ცელსიუსით.
ყველაზე მძლავრი Greenhouse Gas-ებია:

  • წყლის ორთქლი
  • ნახშირორჟანგი
  • მეთანი
  • ოზონი
როდესაც მზის სხივი ეცემა ჩვენს ატმოსფეროს, ზემოთ ჩამოთვლილი გაზები ისრუტავენ მზის ენერგიას და ინარჩნებენ სითბოს. რაც მეტია Greenhouse Gas ატმოსფეროში, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს დედამიწა სითბოს და აქედან წარმოიქმნება გლობალური დათბობა. პლანეტა გაგრილებას ვეღარ ასწრებს. ზემოთ ჩამოთვლილი გაზებიდან, ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი ნახშირორჟანგს აქვს, რომელიც წარმოიქმნება საწვავის წვისას. დღევანდელი მონაცემებით, ნახშირორჟანგი 40%-ით მეტია ატმოსფეროში, ვიდრე ინდუსტრიულ ეპოქამდე იყო. კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლოს ამ რაოდენობის ნახშირორჟანგი 650000 წლის წინ დაფიქსირდა, ანუ მაშინ როცა თანამედროვე ადამიანი ჯერ კიდევ არ იყო გაჩენილი. დღეს გლობალური დათბობის პროცესი, ადამიანის ფაქტორის გამო, ნორმაზე 100000-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგვექმნას Greenhouse Gas-ების გავლენაზე, მაგალითისთვის ავიღოტ პლანეტა მერკური და ვენერა. მერკური მზესთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვენერა მერკურიზე ცხელია რადგან იგი შეიცავს უზარმაზარი რაოდენობის Greenhouse Gas-ებს.
სამწუხაროდ ყოველწლიურად იზრდება გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში. მეტი ნახშირორჟანგი ნიშნავს მეტ სითბოს, მეტი სითბო ნიშნავს მეტი ყინულოვანი პოლუსების დნობას, მეტი ყინულოვანი პოლუსების დნობა ნიშნავს ისევ მეტ სითბოს, ვინაიდან ყინული მზის სხივს ირეკლავს ცაში, შესაბამისად ნაკლები სითბოს შენარჩუნება ხდება. საბოლოო შედეგი იქნება ყინულოვანი საფარის სრული დნობა, ზღვის დონის რამდენიმე მეტრით მომატება, ზღვისპირა ქალაქების დატბორვა, მილიარდობით ადამიანების ევაკუაცია, აგრალური სექტორის განადგურება, ჯერ არნახული ქარიშხლები, დარჩენილი დაუტბორავი მიწების უმეტესობა უდაბნოდ იქცევა, საკვების და სასმელი წყლის დეფიციტი და მრავალი სხვა.
ჰაერის საშუალო ტემპერატურის 5.4 გრადუსით გაზრდა გამოიწვევს ოკეანის დონის 70-ამდე მეტრით ამაღლებას, ხოლო 6.4 გრადუსით მეტი გაანადგურებს სიცოცხლის უმეტეს ფორმებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ციფრები რეალურია.
ძნელი არ იქნება გამოვიცნოთ თუ რა მოხდება, ისეთ ექსტრემალურ პირობებში, როგორშიც ამ მოვლენების მომსწრე ადამიანები იქნებიან. გადარჩენილი სახელმწიფოები ვეღარ უზრუნველყოფენ მოსახლეობას სიცოცხლისთვის აუცილებელი რაოდენობის სასმელი წყლით და საკვებით მომარაგებას. მითუმეტეს მას შემდეგ რაც მილიარდობით ლტოლვილების მიღება მოუწევთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. შედეგად რიგითი ჯარისკაცი და პოლიციელი აღმოაჩენს, რომ სამშობლოს სიყვარულზე ძლიერი, შიმშილის და წყურვილის გრძნობა ყოფილა. სახელმწიფოები ჩამოიშლება. ეს იქნება ქაოსის დასაწყისი. ჩამოყალიბდება უამრავი შეიარაღებული ბანდფორმირებები. ადამიანები ერთმანეთს გაჟლიტავენ 50 გრამი წყლის გულისთვის.  ყველაზე ძლიერი გადარჩება მაგრამ... დროებით.

კლიმატის შემსწავლელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2035-იდან 2100 წლამდე დედამიწაზე არსებული ყველა ყინულოვანი საფარი დადნება. ამ მოვლენას შესაძლოა დღეს ცოცხალი ადამიანების ნაწილი მოესწროს.

დამატებითი ლინკები:
http://www.nasa.gov/worldbook/global_warming_worldbook.html
http://www.commondreams.org/headlines07/0203-03.htm
http://micpohling.wordpress.com/2007/03/30/math-how-much-co2-by-weight-in-the-atmosphere/
http://astrobiology.nasa.gov/ask-an-astrobiologist/?q=global+warming&l=Ask&x=0&y=0
http://climate.nasa.gov/

Sunday, August 15, 2010

იცოდი რომ ნაგავი ხარ? :-)

არა, ეს შეურაცხყოფა არ არის, ეს რეალობაა. თუ რატომ, წაიკითხეთ.

მხედველობაში თუ მივიღებთ სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტების არსებობას, სიცოცხლე შეიძლება საკმაოდ ხშირი მოვლენა იყოს ჩვენს გალაქტიკაში. "არამხოლოდ ისეთი მძიმე ატომები, როგორებიცაა ნახშირბადი და აზოტი წარმოიქმნა სუპერნოვას(ვარსკვლავის აფეთქება) დროს, არამედ ჩვენი მრავალ-ატომური გენეტიკური მოლეკულების ინგრედიენტებიც, რისგანაც შევდგებით დღეს." ამბობს ჯონ მათერი, ნასას უფროსი ასტროფიზიკოსი და ნობელის ლაურიატი, სამყაროს შექმნისა და ვარსკვლავების როლზე ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით.
პრინსტონის უნივერსიტეტში, მათერმა განაცხადა, რომ გრავიტაციამ შეაჩერა დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი პირველადი მატერიის გაფართოება, შექმნა მკვრივი რეგიონები სივრცეში რომლებმაც დაიწყეს მოძრაობა, შევიწროება და შედეგად წარმოიქმნა ვარსკვლავები და გალაქტიკები. ჩვენ დღეს აქ ვართ იმიტომ, რომ გრავიტაციამ იმოქმედა თავდაპირველ სტრუქტურაზე.
მათერმა განმარტა, რომ სწორედ ამ პროცესმა შეუწყო ხელი ვარსკვლავების დაბადებას, წვას და აფეთქებას, რამაც შექმნა სიცოცხლე მომავალში.
"დაახლოებით, თქვენი სხეულის ნახევარი შედგება წყალბადის ატომებისგან, რომელიც წარმოიქმნა დიდი აფეთქების დროს, ხოლო მეორე ნახევარი, ატომებისგან როგორიცაა: ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, კალციუმი და გოგირდი, ანუ ყველაფერი რაც ამუშავებს ჩვენს სხეულს, არ არსებობდა დიდი აფეთქების დროს. ეს ის მატერიებია, რომლებიც წარმოიქმნა ვარსკვლავების აფეთქების შედეგად. ანუ ჩვენ ყველანი შევდგებით ნარჩენი მატერიისგან, იგივე ვარსკვლავის ნაგვისგან."

ვინმემ მიმასწავლეთ ყველაზე ახლო "ურნა" გეთაყვა.

იცოდით რომ..?

მანქანებს ისეთივე პროგრესი რომ განეცადათ, როგორც კომპიუტერებს, დღეს თქვენ 3 ლიტრი საწვავით  4 მილიარდ კილომეტრს დაფარავდით.

Saturday, August 14, 2010

მაინც რამხელაა ჩვენი სამყარო?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ აუხედავს ცაში და არ უკითხავს თავისთვის თუ რამხელაა სამყარო. პასუხი მარტივია: ძალიან დიდი :)
მაგრამ დარწმუნებული ვარ, მსგავსი პასუხის მისაღებად არ კითხულობთ ამ ბლოგს, ამიტომ განვავრცოთ.

ჩვენი სამყარო, დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, წარმოიქმნა დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ. მანამდე როგორც ფიზიკოსები გვარწმუნებენ, არც დრო არსებობდა და არც სივრცე. კოსმოსში, მანძილი ობიექტებს შორის იზომება სინათლის წლით. 1 სინათლის წელიწადი არის მანძილი, რასაც თქვენ დაფარავთ 1 წელიწადში, თუ სინათლის სიჩქარით იმოძრავებთ. სინათლე კი როგორც მოგეხსენებათ, წამში 299792 კილომეტრს ფარავს. ეს იგივეა 1 წამში 430-ჯერ ჩახვიდეთ და ჩამოხვიდეთ ბათუმიდან (ვიცი, თქვენს მანქანაზე ოდნავ სწრაფია :).
სამყარო შედგება ვარსკვლავებისგან, კოსმოსური მტვრისგან, გალაქტიკებისგან და ეგრედ წოდებული შავი მატერიისგან რომელიც არავინ არ იცის რა არის და არც არავის დაუმტკიცებია მისი არსებობა.
ჩვენგან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი, Proxima Centauri 4.2 სინათლის წლითაა დაშორებული (ოღონდ არ მკითხოთ რომელია ყველაზე შორი), ხოლო ყველაზე ახლო გალაქტიკა 2 მილიონი სინათლის წლით. ჩვენი გალაქტიკა 100000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და მასში 200 მილიარდიდან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია. სამყაროში ასობით მილიარდი გალაქტიკაა და ESA-ს (European Space Agency) მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდობენ რომ ვარსკვლავების რაოდენობა შეადგენს 10^24, ანუ 10-ს რომ მივაყოლოთ 24 ნოლი რაც გამოდის 10 000 000 000 000 000 000 000 000 ვარსკვლავი.
პლანეტების რაოდენობაზე რთულია ვიმსჯელოთ, რადგან ჯერ-ჯერობით არ ვართ ტექნოლოგიურად იმ დონემდე განვითარებული, რომ სხვა ვარსკვლავის ორბიტაზე მყოფი პლანეტები მარტივად აღმოვაჩინოთ, თუმცა უკვე შეგვიძლია მოკლე ორბიტიანი, გაზური გიგანტი პლანეტების დაფიქსირება თუ გაგვიმართლა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთიც არაა რაც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. თუმცა, თუ "დაგვცალდა", როგორც სხვა დანარჩენი, ესეც დროის საკითხია.
ამ დროისთვის აღმოჩენილია მხოლოდ 464 ეგზო-პლანეტა. ამ მიმართულებით კაი ხანია მუშაობა დაწყებულია და შედეგად 2009 წლის 6 მარტს, ნასამ გაუშვა კოსმოსში კეპლერი, პირველი ტელესკოპი , რომლის  ერთადერთი დანიშნულება ეგზო-პლანეტების აღმოჩენაა. კეპლერი ერთდროულად 100000 ვარსკვლავს დააკვირდება წლების მანძილზე, და მიუხედავად იმისა, რომ ეგზო-პლანეტის დაფიქსირების შანსი 1-ია 100-იდან, ვარაუდობენ რომ აღმოჩენილი პლანეტების რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზრდება უახლოეს წლებში.
აღმოჩენილი ვარსკვლავების რაოდენობას შეგიძლიათ დააკვირდეთ ლივ-ში მისამართზე: http://planetquest.jpl.nasa.gov/

აქვე მოვიშველიებ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეცნიერის, კარლ საგანის ციტატებს:
absence of evidence is not evidence of absence
Somewhere, something incredible is waiting to be known

დროა დავტოვოთ დედამიწა


"ადამიანის რასამ დროა იფიქროს კოსმოსის კოლონიზაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაშენდება" გვაფრთხილებს ბრიტანელი ასტორიზიკოსი სტივენ ჰოვკინგი.

იგი ამბობს, რომ ადამიანი შედის განვითარების ძალზედ სახიფათო ფაზაში თავისი არსებობის განმავლობაში.

"ჩვენი პოპულაცია და ამოწურვადი რესურსების ხარჯვა თვალშისაცემად იზრდება, ასევე ტექნიკური შესაძლებლობა შევცვალოთ ჩვენი გარემო კარგის და ცუდისკენ.

მაგრამ ჩვენი გენეტიკა ჯერ კიდევ ატარებს ეგოისტრურ და აგრესიულ ინსტინქტს, რომელთა დანიშნულება წარსულში თვითგადარჩენა იყო. ამიტომ რთული იქნება კატასტროფის აცილება მომავალ ასწლეულში, რომ აღარაფერი ვთქვათ ათას და მილიონობით წლებზე.

ჩვენი ერთადერთი გზა, ხანგრძლივი გადარჩენისთვის არის არა დედამიწის იმედზე დარჩენა, არამედ კოსმოსში გავრცელება. ჩვენ შესანიშნავ პროგრესს მივაღწიეთ გასულ ასწლეულში, მაგრამ თუ გვინდა ასე გავაგრძელოთ შემდეგი 100 წელიც, მაშინ ჩვენი მომავალი კოსმოსშია."

ჰოვკინგმა მაგალითად მოიყვანა 1963 წლის, ბირთვული სარაკეტო კრიზისი, როცა ადამიანის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

სტივენ ჰოვკინგი დაავადებულია ნეირო-მუსკულატორული დისტროფიით (თუ არასწორად ვთარგმნე შემისწორეთ), რამაც იგი თითქმის სრულად პარალიზებული დატოვა.

პ.ს. ისე პარადოქსია, მაგრამ პირველი თანამედროვე ადამიანი გაჩნდა დაახლოებით 200000 წლის წინ, შესაბამისად თუ ჰოვკინგს დავუჯერებთ, ადამიანი, ყველაზე ინტელექტუალური არსება რაც კი ოდესმე დედამიწაზე გაჩენილა, გადაშენდება უფრო მალე ვიდრე სხვა რომელიმე ორგანიზმი, რომელსაც დედამიწაზე უცხოვრია.